logo
ENG



ზელენსკი UN-ს მოუწოდებს, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის

05 აპრ 202219:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/uhq3cik5dahjhv9.jpg

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს დაჟინებით მოუწოდებს, რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს და უკრაინისთვის გარანტიები უზრუნველყოს. 

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩართვისას განაცხადა:

"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას სიკვდილის უფლებად გარდაქმნის. ეს ძირს უთხრის მსოფლიო უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება.

გაერო შესაძლოა უბრალოდ დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ იმისთვის, რომ დაიხუროთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის დრო დასრულდა? თუ არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს ქარტია დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. სისტემა უნდა შეიცვალოს. ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება. 

გვჭირდებიან სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, ბოლომდე გვერდში დაგვიდგებიან. 24 საათის განმავლობაში გვჭირდება იმ ქვეყნების წრე, რომელიც იარაღს მოგვაწვდის.

სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტორიც უშიშროების საბჭო უნდა იყოს? აქ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. სად არის მშვიდობა? სად არის ის გრანტიები, რომლებიც უნდა გარანტირებული უნდა იყოს?"- თქვა მან. 

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა "გარდაუვლად უნდა დადგეს". 

"მინდა შეგახსენოთ გაეროს ქარტიის პირველი თავის პირველი მუხლი. რა არის ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა. და ახლა, როცა გაეროს ქარტიის პირველი მუხლი პირდაპირი მნიშვნელობით დარღვეულია, რა არის სხვა მუხლების აზრი?"

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების კონკრეტულ შემთხვევებზე და განაცხადა, რომ სჭირდება მომხდარის სრული და გამჭვირვალე გამოძიება. 

"ჟურნალისტების მაქსიმალური წვდომა ინფორმაციაზე, მაქსიმალური თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა - სრული პასუხისმგებლობა. ზუსტად ვიცი, რომ გაეროს თითოეული წევრი ქვეყანა უნდა დაინტერესდეს ამით. რისთვის? - იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯოს ის, ვინც თავს პრივილეგირებულად თვლის და სჯერა, რომ შეუძლია, თავი დააღწიოს ყველაფერს. 

ასე რომ, აჩვენებთ სხვა პოტენციურ ომის დამნაშავეებს მსოფლიოში, როგორ დაისჯებიან ისინი, მათ შორის ყველაზე დიდის დასჯით". - განაცხადა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთი შეეცდება, დაადანაშაულოს ყველა, რათა გაამართლოს თავისი ქმედებები. 

"ისინი იტყვიან, რომ არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები და რთულია, გაარკვიო, რომელი მათგანი შეიძლება იყოს სიმართლე. ისინი იტყვიან იმასაც, რომ დახოცილი ადამიანების ცხედრები არ არსებულა და დადგმულია.

"მაგრამ ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი მტკიცებულებები - სატელიტური ფოტოები, რომლებიც აჩვენებს, რეალურად რა მოხდა ბუჩაზე თავდასხმის დროს. ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა